კარასინი – ჩვენ საქართველოსთან მშვიდობა გვსურს
საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას უფრო პრაგმატულ საფუძველზე აწყობს. ამის შესახებ „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს და საქართველოს შორის დღეს დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ჩვენ კავშირებს საკმაოდ ნორმალურად ვაწყობთ. საქართველომ საბოლოოდ უნდა მოიშოროს ის ანტირუსული განწყობა, რაც წინა რეჟიმმა თავს მოახვია. რეალურ სამყაროში ასე ცხოვრება შეუძლებელია, ეს პოლიტიკური იდიოტიზმია. თუ ხარ პატარა ქვეყანა და ამხელა ქვეყნის მეზობლად ცხოვრობ, შენი გეოპოლიტიკური ამბიციები რეალურ ცხოვრებას უნდა შეუთავსო“, – აცხადებს კარასინი.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი ცდილობს, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები ააწყოს. ბუნებრივია, ჩვენ გვაწუხებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს საიდუმლო საწვრთნელი ცენტრები ჩნდება. ჩვენ ვხედავთ პოზიციების გაორმაგებას. ამასთანავე, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ჩვენც გვინდა, რომ საქართველოსთან მშვიდობაში და თანხმობაში ვიცხოვროთ“, – ამბობს კარასინი.