“ვიყავი კორუფციულ სისტემაში ჩართული…ქრთამს კლასიკური გაგებით არ ვიღებდი, მაგრამ ბიზნესმენთა ჯგუფი გარკვეულ დახმარებას გვიწევდა”

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ მას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ბიზნესიდან გარკვეული რაოდენობის თანხა შესდიოდა.
როგორც ვალერი ხაბურძანიამ გადაცემა „პროვოკატორში“ აღნიშნა, მას გარკვეულ ბიზნესმენთა ჯგუფი აფინანსებდა, სანაცვლოდ კი,  სამართალდამცველები მათ ბიზნესსაქმიანობას არ ეხებოდნენ. ამავე გადაცემაში ვალერი ხაბურძანიამ 2003 წლის აგვისტო-სექტემბერ- ოქტომბერი გაიხსენა.
მისი თქმით, სწორედ 2003 წელს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემები შეექმნა, უშიშროების თანამშრომლები 24-საათიანი მორიგეობის გრაფიკით ყველა ბენზინგასამართ სადგურს აკონტროლებდნენ.
„როდესაც საკითხი რთულად წავიდა, მე უშიშროების საბჭოზე დავაყენე ეს საკითხი და მივმართე ედუარდ შევარდნაძეს. მე დავამტკიცებ, რომ ბენზინზე კონტრაბანდა არ არის ისეთი გადაულახავი პრობლემა… მაშინ ფინანსთა მინისტრად გოგიაშვილი დანიშნეს,  ამ პატარა ბავშვს დაუქვემდებარეს და გაუერთიანეს ყველაფერი, მას კი,  მოტოციკლეტით სიარულის გარდა არაფერი გაუკეთებია. პირდაპირ ვამბობ ამას, თუ გინდა ეწყინოს კიდეც გოგიაშვილს. სხვათაშორის, კარგა ხანს იყო შემდეგში “ნაციონალებთან” ხელისუფლებაში რაღაც ეკონომიკურ სტრუქტურებში. 8000 ტონა იყო თვიური ლეგალიზება, ნავთობპროდუქტებისა, ანუ საბაჟო ოფიციალურად აფიქსირებდა მხოლოდ 8000 ტონას. მაშინ,  როდესაც 55 ათასი ლარი იყო საშუალო თვიური მოხმარება. ვუთხარი პრეზიდენტს, რომ კობა ნარჩემაშვილი სიგარეტს მოკიდებდა ხელს, მე კი ნავთობპროდუქტებს. თუმცა, ჩემი უფრო წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ მე 45 ათას ლარამდე ავიყვანე ნავთობპროდუქტებიდან შემოსავალი. ჩემი ყველა თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში, მორიგეობის გრაფიკი შემოვიღეთ და იდგა ყველა ბენზინგასამართ სადგურთან. ეს იყო 2003 წლის აგვისტო-სექტემბერი – ოქტომბერი“, – აღნიშნა ვალერი ხაბურძანიამ.

წამყვანის კითხვას, „წილებში ჩაუჯექით ბიზნესმენებს?!“, – უშიშროების ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ „წილებში კი არ ჩავუჯექით.. მაშინ ბენზინის ლეგალიზაცია  45 ათას ტონამდე ავიდა. ბენზინისა და საწვავის ფასი დარეგულირდა. ბენზინის ხარისხმა აიწია და ყველაფერი  ნორმაში ჩაჯდა. სანაცვლოდ, კი ბიუჯეტში ფული შევიდა. ვიტყვი, რომ ვიყავი კორუფციულ სისტემაში ჩართული მეთქი… ქრთამს კლასიკური გაგებით არ ვიღებდი, მაგრამ იყო რაღაც გარკვეული ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც რაღაც დახმარებას გვიწევდნენ. იმიტომ, რომ მათ მოსწონდათ ის პოლიტიკა, რომ მათ არ ეხებოდნენ”, – აღნიშნა ვალერი ხაბურძანიამ გადაცემაში „პროვოკატორი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები