„რუსეთი არის სუპერსახელმწიფო“

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რთული პარტნიორია, გვინდა, თუ არა ჩვენ ეს, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ის სუპერსახელმწიფოა”, – ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში  „პოლიტიკის დრო“ განაცხადა. ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, თუმცა რუსეთს ღირსეულად უნდა ელაპარაკო და არა ილუზიებით. მანვე ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა რურუას და მიხეილ თავხელიძეს, რომლებიც გადაცემის სტუდიაში იმყოფებოდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომი შეახსენა და კითხვით მიმართა:
„ღირესულად უნდა ელაპარაკო ყველას და რუსეთსაც, ოღონდ ილუზიებში არ უნდა იყო. ჩვენი ხელისუფლების ილუზიებში ყოფნამ, ჩვენ 2008 წლის აგვისტო დაგვმართა და სხვათაშორის, არიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ,  ნუ ეშინიათ ქალბატონო ნინო, ერთ დღეში დავამარცხებთ რუსეთსო. რამდენ დღეში დაამარცხეთ, ბატონებო? ვინ არის დღეს დამარცხებული 2008 წლის შემდეგ?  დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რთული პარტნიორია ნამდვილად, გვინდა, თუ არა ჩვენ ეს, მოგვწონს თუ – არა, რუსეთი არის სუპერ სახელმწიფო. რუსეთს აქვს ძალიან დიდი ბერკეტები, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო. ჩვენც უნდა შევეცადოთ ეს ურთიერთობა დავალაგოთ, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერებიდან გამომდინარე – ასე უნდა ვიმოქმედოთ. აუცილებლად, ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები