კათალიკოს-პატრიარქი შტეფან ფულეს ხვდება

ამ წუთებში საპატრიარქოს შენობაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულეს ხვდება. შეხვედრის ნაწილი დახურულია. შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქმა და თავის მხრივ შტეფან ფულემ ერთმანეთს მიმართეს.
„საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორცდიელდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
ამასთანავე, საქართველოს პატრიარქმა შტეფან ფულეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გამოძებნა დრო მასთან შესახვედრად. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საქართველომ გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ახლა მიემართება ევროპული სტრუქტურებისკენ. “ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა მიმართა შტეფან ფულეს, რომ მისთვის დღეს პრესიდან გახდა ცნობილი შტეფან ფულეს სურვილი, დაერწმუნებინა პატრიარქი, საქართველო თავისი ტრადიციებით, ფასეულობით გახდეს ევროკავშირის წევრი.
“მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ამასთან, პატრიარქმა დასძინა, რომ როდესაც საუბარი ევროპის სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეზღუდულია სხვა სტრუქტურებში გაწევრიანებაზე.
“მე იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ ჩამობრძანებისათვის და იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები