დავით უსუფაშვილმა და შტეფან ფულემ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

  დავით უსუფაშვილმა და შტეფან ფულემ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ევროკავშირის ინსტიტუციური მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმს, დღეს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა, შტეფან ფულემ მოაწერეს ხელი. 21 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსების ხელშეკრულების მიზანი საქართველოს სახელმწიფო ფინანსების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების მხარდაჭერაა.
“ეს პროგრამა ქმნის ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეიმუშაოს სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული რეკომენდაციები”, – აღნიშნა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. პარლამენტის სახელისუფლებო ზედამხედველობის ახალი შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაზრდისა და ევროინტეგრაციის პროცესში მისი როლის განმტკიცებისთვის, საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების დაფინანსების ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. პარლამენტის ხელმძღვანელობა და საპარლამენტო კომისიები პოლიტიკის მომზადებისა და საზედამხედველო ფუნქციის უფრო ეფექტურად განსახორციელებლად დახმარებას მიიღებენ, ასევე, საბიუჯეტო ზედამხედველობისა და აუდიტის გასაუმჯობესებლად მომზადებას საპარლამენტო კომიტეტებიც გაივლიან. “მჯერა, რომ ჩვენი საერთო ინტერესია, უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ხარისხიანი კანონმდებლობის მიღება, და რომ პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა ევროკომისარმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს როლს კიდევ უფრო გაზრდის.
“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ახლა, სწორედ დღეს, ჩვენს თვალწინ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი ევროკავშირთან არის კიდევ ერთი რეპეტიცია იმისა, რომ გაცილებით მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერთ ხელს და ამის მოწმენი მალე გავხდებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ფინანსების მართვის ხელშეწყობის მესამე ტალღა ორ წარმატებულ წინა პროგრამას ეფუძნება, რომელთა საერთო მოცულობა 26 მილიონ ევროს შეადგენდა. ახალ პროგრამაში, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, პირველად ჩაერთვება პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები