უკრაინის კრიზისის გამო საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტი გადაიდო
უკრაინის კრიზისის გამო საქართველოში დაგეგმილი ოფიციალური პირების რამდენიმე ვიზიტი უკვე გადაიდო, მათ შორის საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ლორენ ფაბიუსის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ერთობლივი ვიზიტი. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ვიზიტის გადადების მიზეზი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ხვალ ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გახდა. მინისტერები საქართველოში 3-4 მარტს უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით გადაიწია ორი ქვეყნის მინისტრების საქართველოში სტუმრობამ.
ამავე მიზეზით საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს ვიზიტმა 24 საათით უკვე გადაიწია. ევროკომისრის ვიზიტი 3 მარტს იყო დაგეგმილი.