ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებით ინტერესდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკი მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგოსექტორი, ჯანდაცვა და განათლება.
„ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს სოფლის მეურნეობის დარგში მიზნობრივი პროექტების დაფინანსების მიმართულებით. მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლუკა პონზელინიმ.
„საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროპული საფინანსო ინსტიტუტები დაინტერესებულები არიან, ხელი შეუწყონ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და მოიზიდონ ქვეყანაში ევროპული კაპიტალი, რაც ხელს შეუწყობს დარგის სტაბილურ განვითარებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ლევან დავითაშვილი და დავით გალეგაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები