სააკაშვილის ხელისუფლებამ გუდაუთის ბაზა ხელშეკრულებიდან ამოიღო – ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება

რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ 2005 წელს ხელმოწერილი ტექსტიდან ამოღებული იყო გუდაუთას საკითხი – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბაზების გაყვანის შეთანხმების ტექსტში ცალკე აბზაცი ეთმობოდა გუდაუთას საკითხს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მონიტორინგს განახორციელებდნენ.

“ტექსტი, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ, რომელიც 2005 წელს შედგენილი და ჩემ მიერ ხელმოწერილი იყო, საქართველოში არსებულ ყველა რუსულ ბაზას ეხებოდა, გუდაუთას ჩათვლით.

აღნიშნულ ტექსტში გუდაუთას შესახებ ცალკე აბზაცი იყო ჩასმული, სადათ აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში გააგრძელებდა გუდაუთას შესახებ მოლაპარაკებებს და აღნიშნული იყო, რომ შესაძლოა, მომავალში ეუთოს თუ გერმანიის, თუ სხვასაერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მონიტორინგი განეხორციელებინათ.

ამის შემდეგ ხელი მოეწერა კიდევ ერთ, ტექნიკური შინაარსის ტექსტს. აღნიშნულს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ მოაწერა.

ამ დროს ორივე ტექსტი, თითქოს, უცვლელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტექსტში, რომელსაც ოფიციალურად მოეწერა ხელი ორივე პოლიტიკური მხარის მიერ, გუდაუთას საკითხი აღარ იყო. ეს კი ნიშნავდა ორ რამეს: პირველი – რუსეთი არ ცნობს გუდაუთას, როგორც საქართველოს ტერიტორიას; მეორე – რუსეთი გასულია გუდაუთადან.

ამის შესახებ არავითარი ცალკე დამატებითი დოკუმენტი არ არსებობდა. არც მაშინ და არც მას მერე, ამ კითხვაზე პასუხი არავისგან მსმენია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები