გიორგი ვაშაძე უკრაინაში რეფორმების სისტემებს “ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მაგალითზე შექმნის
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ უკრაინაში მოღვაწე ქართველ პოლიტიკოსებთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. უკრაინულ გამოცემას დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე ესაუბრნენ. ვაშაძის განცხადებით, ქართველები უკრაინაში „რეფორმების მესამე თაობაზე“ მუშაობენ. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქართველების რეკომენდირებული, უკრაინაში დასანერგი რეფორმები სოციალურ ქსელ „Facebook”-სა და ვიდეო-პორტალ „Youtube”-ს ეფუძნება. კონკრეტულად თუ რა არის „რეფორმების მესამე თაობა“ და რა პრინციპებს ეფუძნება ის, ამის შესახებ თავად ვაშაძე ინტერვიუში საუბრობს. „ჩვენ ამჟამად რამდენიმე პროექტი გვაქვს, რომლებიც აქ მუშაობს. მაგალითად ეს არის შიდა გადაადგილებულ პირთა რეგისტრაცია – გაეროს დევნილთა სააგენტოსთან თანამშრომლობით არსებული პროექტი, ჩვენ მასში ვმონაწილეობთ. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო – ალბათ, ჩვენი ყველაზე დიდი პროექტი, რომელზეც ჩვენი ექსპერტები მუშაობენ. მაგალითისთვის, ბიუროს პროექტზე ამჟამად ქართველი პროკურორები, გამომძიებლები, პრაქტიკოსებია გამოყენებული. მათ დიდი გამოცდილება აქვთ, ისინი კორუფციონერებს თავად იჭერდნენ და კორუფციის ფაქტების გამოვლენას ახდენდნენ. აუცილებლად მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა – ჩვენ არ ვაკოპირებთ იმას, რაც საქართველოში 2005-2006 წლებში გავაკეთეთ. ბევრი დრო გავიდა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ასე რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად სისტემის, სტრუქტურების ახალ მოდელს შევქმნით. და რეალურად ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ამას რეფორმების მესამე თაობას ვუწოდებთ, რომელთა უკრაინაში განხორციელებას რეკომენდაციას ვუწევთ. რა არის მესამე თაობა? ეს როდესაც თანამონაწილეობა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. რატომ არის დღეს პოპულარული „Facebook“ -ი, „YouTube“ და ა.შ ? რადგანაც მასში ბევრი თანამონაწილეობაა. ეს სწორედ მომხმარებლები ქმნიან „Facebook“-ის კონტენტს. სწორედ ეს მექანიზმები შეასრულებენ როლს. წარმატება გამომდინარეობს იქედან , თუ რამდენად დიდი იქნება მოქალაქეების მხრიდან თანამონაწილეობა და რამდენად ღია სქემები შეიქმნება. რათა მექანიზმები და სისტემები სტაბილურად არსებობდნენ და განვითარდნენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში. წყარო: pravda.com.ua