თეა წულუკიანმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრთან შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. იანკაუსკასი მისიის ხელმძღვანელად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა.
თეა წულუკიანმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს ამ რეგიონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების საკითხები, პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობებზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. მისია 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. აღსანიშნავია, რომ მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ამასთან, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია, ზოგადად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები