„ეროსი ამ საკითხზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა ჩვენების მიცემა ვერ მოასწრო. ის პროკურატურაში მისვლამდე გარდაცვლილი იპოვეს“

„ეროსი კიწმარიშვილი ინფორმაციას ფლობდა აგვისტოს ომზე, ამ საკითხზე ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურაში დაიბარეს, მაგრამ გარდაიცვალა მანამ, სანამ ის პროკურატურაში მივიდოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ეროსი, როგორც ოქროს მოწმე, ვინმემ ამ ინფორმაციის გამო მოიცილა, – აღნიშნული განცხადება „ქართული დასის“ ხელმძღვანელმა ჯონდი ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბაღათურიას განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილმა აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის წარმომადგენელს ბათუმში შეახვედრა. მომდევნო შეხვედრა კი უკვე იტალიაში ჩაინიშნა.
„პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება მკვლელობის კუთხით უნდა დაიწყოს და ეს მიმართულება მოიკვლიოს. ყველამ, ვინც ეროსის ვიცნობდით, ერთმნიშვნელოვნად ვთქვით, რომ ის არ იყო ადამიანი, რომელიც თავს მოიკლავდა. ის ძალიან ელასტიური ადამიანი იყო და, ნესბისმიერ შემთხვევაში, შეეძლო გამოსავალი ეპოვნა. არსებობდა მოტივები, რომ ეროსი ვინმეს გაენადგურებინა. ის ფლობდა ინფორმაციას აგვისტოს ომის შესახებ. ეროსიმ თქვა, რომ ფარულად შეახვედრა სააკაშვილს პუტინის და მედვედევის წარმომადგენელი ბათუმში. ეს მან პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე, პირად საუბრებში გააჟღერა. ეს საუბარი ჩემი თანდასწრებით მოხდა. შეხვედრაზე საუბრის დროს ამ წარმომადგენელმა „ნამიოკი“ უთხრა სააკაშვილს, რომ იტალიის ერთ-ერთ ქალაქში არის ერთი პატარა სასტუმრო, რომელსაც აქვს კარგი სპა, და თუ ის ამა და ამ დროს ის ჩავა იქ დასასვენებლად, დანარჩენ ინფორმაციებს იქ მიაწვდიდა. ზუსტად დათქმულ დროს სააკაშვილი ამ ქალაქში და ამ სასტუმროში, მართლაც, ჩავიდა“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ბაღათურიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ ჩვენების მიცემას მოასწრებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები