ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროული დასრულება საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული გამოწვევები. გამოითქვა შეშფოთება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. „შეთანხმებების“ გაფორმების გამო, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეფასდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები