რომან გოცირიძე: „ყაზტრანსგაზი“ კერძო კომპანიაა და ფასების მომატებას ვერავინ აუკრძალავს

„მოუარეთ ლარს. გამართეთ ეკონომიკა და არც ინფლაცია იქნება და არც დევალვაცია!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება კომპანია „ყაზტრანსგაზის“ გადაწყვეტილებას ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი რომან გოცირიძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი“ კერძო კომპანიაა და ფასების მომატებას ვერავინ აუკრძალავს. „ეკონომიკაში მაშინ იწყება ჯანსაღი საბაზრო სიგნალების დამახინჯება, როცა ხდება ფასების რეგულირება, ანუ მისი დაწესება ჩინოვნიკის მიერ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში ფასები თავისუფალია. მათ შორის, ბუნებრივ აირზეც. ლარის გაუფასურების გამო გაზის ტარიფი იზრდება. საწარმოებს -კიო, მოსახლეობას- არაო. წესით, ვინც მეტს მოიხმარს, იმას ნაკლებს ახდევინებენ. შედით ბაზარში და ვაშლზე ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი. დარწმუნდებით, „ყაზტრანსგაზი“ კერძო კომპანიაა და ვერ აუკრძალავ ვერც მომატებას და ვერც პრეფერენციებს. მაგრამ ეს რას ჰგავს: ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, პურის მცხობელებს არ მოემატებაო. ანუ ფასები პოლიტიკური მგრძნობელობის მიხედვით დგინდება და არა საბაზრო პრინციპებითო? რა დააშავეს საავადმყოფოებმა? ან რძის პროდუქტების ქარხნებმა? სკოლებზე არაფერს ვამბობ! ვიღაც ჩინოვნიკი წყვეტს, თუ რა რამდენი უნდა ღირდეს? მოუარეთ ლარს. გამართეთ ეკონომიკა და არც ინფლაცია იქნება და არც დევალვაცია! ძნელია? მაშინ სად მიძვრები, რომ მიძვრები?! (ქალაქური გამოთქმა) !“ – წერს რომან გოცირიძე ფეიბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. როგორც “კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განუცხადა, 2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის 90 თეთრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები