თბილისში 48 სტომატოლოგიური კლინიკა უკანონო საქმიანობას აწარმოებდა
თბილისში 48 სტომატოლოგიური კლინიკა სამედიცო საქმიანობას უკანონოდ აწარმოებდა, დაახლოებით 30-მა კლინიკამ კი, შემოწმებისგან თავის არიდების მიზნით, დაწესებულება დაკეტა. აღნიშნული საკითხის შესახებ „კვირას“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ესაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისში 400 სტომატოლოგიური კლინიკა შეამოწმა, ხოლო აღნიშნულ 48 კლინიკას მიეცა ერთკვირიანი ვადა იმისთვის, რომ საქმიანობის კანონიერად გაგრძელებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შეტყობინებით მიმართოს. „თბილისში 400 კლინიკა უკვე შემოწმებულია. დაახლოებით 48 კლინიკას არ ჰქონდა შეტყობინება გამოგზავნილი, ე.ი. აწარმოებდა უკანონო სამედიცინო საქმიანობას. კონტროლის მიზნით კლინიკებში კითხვარებია დატოვებული. თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებში მონიტორინგი ერთ კვირაში დასრულდება, რის შემდეგად დაიწყება რეგიონებში არსებული კლინიკების შემოწმება. დაახლოებით 30 კლინიკა დაიკეტა და საერთოდ ვერ შევედით, თუმცა მაინც მივალთ და ვნახავთ. მონიტორინგის შედეგების ანალიზი ჯერ არ ხდება. ამას შემოწმების დასრულების შემდეგ დავიწყებთ. ჩვენი წარმომადგენლები მიდიან და ყველგან ტოვებენ კითხვარს“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მისვე თქმით, ზოგიერთ კლინიკში ცუდი, ზოგიერთში კი კარგი მდგომარეობა იყო, თუმცა, რადგან ჯერ ანალიზი არ გაკეთებულა, კონკრეტულ დარღვევებზე ვერ ისაუბრებენ. როგორც კვარაცხელიამ განმარტა, დარღვევების აღმოჩენის შემდეგ ყველა კლინიკას მიეცემა გაფრთხილება და გარკვეული დრო გამოსწორებისთვის, ხოლო მეორედ შემოწმების დროს კვლავ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში უფრო მკაცრი რეაგირება იქნება.
ამასთან, კვარაცხელიას ინფორმაციით, სილამაზაის სალონების შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით ამოწმებს. როგორც მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და კაბინეტებს მიეცათ ორთვიანი ვადა, რათა შენიშვნები გამოასწორონ. შემდგომ კი შესაძლოა, მათ მიმართ გარკვეული რეგულაციები ამოქმედდეს. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის რეგულაციები არ მოქმედებს. საჯარიმო სანქციების დასაწესებლად კანონმდებლობაში ცვლილებებია გასატარებელი, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს მიმართავენ.