ბავშვთა სტაციონარებში მიმართვიანობა გაიზარდა – კლინიკებში საწოლების დეფიციტზე საუბრობენ

ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვთა სტაციონარებში მიმართვიანობა გაიზარდა. ამის მიზეზი რესპირატორული ინფექციებით დაავადების შემთხვების მატებაა.
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ბავშვებს, რომელთაც აღნიშნული მიზეზით ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, რიგში დგომაც კი უწევთ.
მოცემული მომენტისთვის აღნიშნულ კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია.
როგორც “კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, სტაციონარში მოთავსებულების უმრავლესობას 6 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ.
“ჩვენს კლინიკაში განყოფილებები საწოლებით ოპტიმალურად არის დატვირთული, თუმცა მომართვიანობამ მოიმატა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ბავშვებს რიგში დგომა უწევთ. მოცემული მომენტისთვის ყველა საწოლი დაკავებულია და სამი ბავშვია რიგში“, – განუცხადეს “კვირას“ ჟვანიას სახელობის კლინიკაში.
მიმართვიანობის ფაქტები გახშირდა ბავშვთა სხვა სტაციონარებშიც, “კვირას“ ინფორმაციით, საწოლების დეფიციტის პრობლემა რამდენიმე კლინიკაშიც არსებობს.
“კვირასთან“ პირად საუბარში რამდენიმე მშობელმა აღნიშნა, რომ მათ ამ პრობლემის გამო, რიგში დგომა ან სხვა კლინიკისთვის მიმართვა მოუხდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სეზონური ვირუსის გააქტიურება მოცემულ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა, ვითარება კი საგანგაშო არაა.
მეტიც, მისი თქმით, ეს წელი ვირუსული ინფექციების მხრივ, წინა წლებთან შედარებით მშვიდად დაიწყო.
“ამ პერიოდში მატულობს რესპირატორული ინფექციებით დაავადების ფაქტები, სურათი საგანგაშო არ არის. პირველი და ძირითადი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი ბავშვი საბავშვო ბაღში, ან სკოლაში არ გაუშვან. ამგვარი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს სახლში, რათა ვირუსი სხვასაც არ გადასდოს“, – განუცხდა “კვირას“ პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსზე აცრები ჩატარდა ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, აიცრნენ დიალიზზე მყოფი პაციენტები, ექიმების გარკვეული რაოდენობა და რისკ-ფაქტორის ჯგუფში მყოფი პირები.
ამასთან, იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ხშირად დაიბანონ ხელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები