„თუ უზენაესის კანდიდატად პოლიტიკურ ფიგურას წარადგენენ, ის შეიძლება მხოლოდ ქუცნაშვილი იყოს“
ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს რამდენიმე დღეში დაასახელებს, თუმცა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უმრავლესობით მხარი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს – ზაქარია ქუცნაშვილს დაუჭირა.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, სასურველია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური პირი არ იყოს, თუმცა, თუ ეს გარდაუვალია. ქუცნაშვილი ის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც სასამართლო სისტემას ფეხზე დააყენებს და გამოადგება.
„მიმდინარე კვირას ვაპირებ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარვადგინო. ამ საკითხზე ჩემს კოლეგებთან კონსულტაციებს გავდივარ. ჩვენ შიდა პრაიმერი ჩავატარეთ და ძალიან სუფთა, საადვოკატო გამოცდილების მქონე კანდიდატს დავასახელებ. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი პრაიმერი როგორც პოლიტიკურ, ისე აპოლიტიკურ კანდიდატს უკავშირდებოდა. არ არის სასურველი, თავმჯდომარე იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წევრი, თუმცა, თუ მაინცდამაინც პოლიტიკური ფიგურა უნდა წარადგინონ, ერთადერთი პიროვნება, რომლის წარდგენაც შეიძლება, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მას აქვს საადვოკატო გამოცდილება, არასდროს ყოფილა ხელის ამწევი პარლამენტარი და ყველა უნამუსობაზე ხელი მაღლა არ ეჭირა. ზაქარია ძალიან პრინციპული და პროფესიონალია. თუ პოლიტიკოსს წარადგენენ აღნიშნულ პოსტზე, „ადვოკატთა ასოციაციაში“ მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში ქუცნაშვილი საუკეთესო კანდიდატი იქნება“, – აღნიშნა ხატიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 4 კრიტერიუმიდან, რომელის მიხედვითაც უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე უნდა შეიჩეს, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპულობაა:
„თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის პრინციპული, ქვეყანა დაიღუპება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ერთი ფუნქცია, რომელიც გადამწყვეტია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, მხოლოდ მისი სანქციით ხდება მოსამართლის დაპატიმრება. სხვა შემთხვევაში მას იმუნიტეტი იცავს. ევროპის ქვეყნების 90% უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნიშნავს პირს, როემლსაც აქვს ადვოკატობის გამოცდილება. მოსამართლეები, ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილის რეჟიმის დროს ძალიან შერცხვნენ. აქედან გამომდინარე, ამ კორპუსიდან თავმჯდომარის წარდგენა გამართლებული არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ის პროკურორების გავლენის ქვეშ არ მოექცევა, პირიქით, დაეხმარება და გადაარჩენს სისტემას.“
შეგახსენეთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე კანდიდატების წარდგენა 9 თებერვლამდე გაგრძელდება.