იური ვაზაგაშვილის საქმეზე გვიან ღამით ადვოკატები და მეუღლე პროკურატურაში იმყოფებოდნენ
პროკურატურაში გვიან ღამით ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები – ირმა ჭკადუა, გაგი მოსიაშვილი და დაღუპული იური ვაზაგაშვილის მეუღლე მივიდნენ.
ადვოკატების თქმით, სამართალდაცველებს მათ სოფელ ყარაფილაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული მასალები და ინფორმაცია წარმოუდგინეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
ჭკადუას თქმით, საქმის გამოძიებაში პროკურატურა და მთელი სახელმწიფო რესურსია ჩართული.
„იმ დროს და იმ ადგილზე ბატონი იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ხელს აძლევდათ მხოლოდ და მხოლოდ 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პირებს. მე არ მაქვს საფუძველი, რომ ვივარაუდო, პროკურატურას არ სურს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება. ნამდვილად ჩართულია მთელი სახელმწიფო რესურსი. ვერ გეტყვით, შეძლებენ თუ არა სამართალდამცველები გამოძიებას, მაგრამ იმედი მაქვს, რადგან იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ, მგონი, კვალზე გავლენ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ. იური ვაგაზაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა.