„ნატოს არ აქვს ძალა, ხელი შეუშალოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას“
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს არ აქვს ძალა, ხელი შეუშალოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას.
მისივე თქმით, ამ ახალ, ე.წ. ხელშეკრულებას არ ექნება ძალა, ისევე, როგორც არ აქვს და არასდროს ექნება ძალა ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც სოჭში, გასულ წელს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გაფორმდა.
“ჩვენ არ ვაღიარებთ არათუ ამ ხელშეკრულებების, არამედ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, ვაიძულოთ, რომ არ გააფორმოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ ვეხმარებით და გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას პოლიტიკურ, პრაქტიკულ და დიპლომატიურ დონეზე”, – აღნიშნა აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.