ქუცნაშვილი კვიციანის გათავისუფლებას მიესალმება – რა არ აპატია სააკაშვილმა მას

„ემზარ კვიციანის განთავისუფლებას მივესალმები“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქუცნაშვილის განმარტებით, ემზარ კვიციანი სააკაშვილმა მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ მას „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ წასვლა არ აპატია.
„ემზარ კვიციანის განთავისუფლებას მივესალმები. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ემზარი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს დაუმორჩილებლობის გამო წინა რეჟიმის მსხვერპლი გახდა. არ შეიძლება ადამიანი იმიტომ დააპატიმრო, რომ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს იცავდა და ამიტომ იარაღის ფლობისთვის ბრალი წაუყენო. სააკაშვილმა მას „ვარდების რევოლუციის“ მხარის არდაჭერა არ აპატია. ემზარი „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგი იყო, ეს ახსოვს მიშას და, იქიდან მოყოლებული, გადაკიდებული იყო კვიციანზე. ამიტომაც, ვითომდა, კოდორის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით, ემზარ კვიციანის დაპატიმრების ოპერაცია განახორციელეს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი შესაძლოა, ორ დღეში სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. კვიციანს 11- თვიანი პატიმრობის ვადა 2 დღეში ეწურება. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულთან, რომელსაც 12 -წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებაზე ხელისმოწერა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კვიციანის საქმის პროკურორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საპროცესო შეთანხმებას ხელი ბრალდების მხარიდან პროკურორმა თენგიზ ჭიპაშვილმა მოაწერა. პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. გასული წლის 28 თებერვალს ის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამართალდამცავებმა კვიციანი აეროპორტში დააკავეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კი მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები