თამარ ბერუჩაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა.
მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამერიკის წამყვანი კვლევითი ცენტრების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე – „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“.
„საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ინსტიტუტია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში. მინისტრი ასევე გამართავს ოფიციალურ სადილს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ელჩებთან ვაშინგტონში. შეხვედრების, ისევე როგორც ვიზიტის მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ასევე, რიგის სამიტი და საქართველოს დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა კერესელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ – ში ვიზიტი 4 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები