„სათამაშო პისტოლეტი“ – ინგლისურენოვანი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

20 იანვარს, თავისუფალ თეატრში ქართველი დრამატურგისა და მწერლის, თამარ ბართაიას ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაწარმოების „სათამაშო პისტოლეტი“ პრეზენტაცია გაიმართა. პიესა ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავისუფალი თეატრის სცენაზე პიესა ინგლისურ ენაზე გაითამაშეს მსახიობებმა ანი ალადაშვილმა და გიორგი აბაშიძემ.
სპექტაკლის „სათამაშო პისტოლეტი“ რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა კომპოზიტორმა ლექსო ტურიაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო.
თამარ ბართაიას პიესა „სათამაშო პისტოლეტი“ ინგლისურად ცნობილმა ქართველოლოგმა, ლონდონის დედოფლის უნივერსიტეტის პროფესორმა დონალდ რეიფილდმა თარგმნა. პიესა საერთაშორისო თანამედროვე დრამატურგიის კრებულშია შესული და არაერთი პრემია აქვს მოპოვებული. პიესის ინგლისურად თარგმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2013 წელს „სათამაშო პისტოლეტი“ ლონდონში, ჩელსის თეატრში სახელდახელო თარგმანით დიდი წარმატებით წარმოადგინეს. 2014 წელს „სათამაშო პისტოლეტს“ წარმატება ხვდა ასევე ლიტვაში, კლაიპედას სასახლის თეატრის სცენაზე. გარდა ინგლისურისა, პიესა თარგმნილია რუსულ, სომხურ, ლიტვურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები