„ჩვენ ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვდა.
თბილისში, პარლამენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხებზე, საკონსტიტუციო რეფორმასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებზე ისაუბრეს.
“ ჩვენ ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის და ევროკომისარის ღია და უშუალო საქმიანი ურთიერთობა ისევე გაგრძელდება, როგორც ეს მის წინამორბედ, შტეფან ფულესთან იყო.
„იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას საუბარი შეეხო კონკრეტულ გეგმებს, თუ რა არის გასაკეთებელი ჩვენი მხრიდან, რომ ევროპის დარჩენილ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესი დაჩქარდეს, რათა რიგის სამიტისთვის ეს პროცესი დასრულებული იყოს. საქართველოს ხელისუფლების გაწეული საქმიანობის შეფასებისას ჩვენ ევროკომისრისგან მაღალი შეფასება მივიღეთ და აღინიშნა, რომ ყველა საკითხში ვადები და სტანდარტები დაცულია, თუმცა პროცესი კვლავაც გრძელდება. ჩვენ მთავარ ამოცანას სავიზო საკითხებში სერიოზული პროგრესის მიღწევა წარმოადგენს და ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტყვა „ვიზა“ აქტუალური აღარ იქნება. ეს იქნება დიდი გარღვევა იმისთვის, რომ ჩვენ, მართლაც, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვიგრძნოთ თავი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის დემოკრატიზაციის საკითხებიც განიხილეს. ევროპელი სტუმარი საარჩევნო თემატიკით და საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არანაირი ტესტი აღარ იქნება და ყველა დაინახავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ცივილურად და კანონის შესაბამისად ხორციელდება.
„ყოველივე ამის მიღწევას გარკვეული სამუშაოები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე სჭირდება, რასაც პარლამენტი შეასრულებს და მოაგვარებს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ევროკომისართან გამართულ შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრნენ. საქართველოში ევროკომისრის პირველი სამუშაო ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება და იგი 17 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები