საინფორმაციო -ანალიტიკური პორტალი „კვირა“„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ – აქციას შეუერთდა
საინფორმაციო -ანალიტიკური პორტალი “კვირა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა.
“კვირამ“ კამპანიისთვის სამი გზავნილი შეარჩია: C ჰეპატიტის პრევენციისა და გავრცელების წყაროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, მედიკამენტებით სრული უზრუნველყოფა, მოქალქეების მიერ პროფილაქტიკის მიზნით დიაგნოსტიკის ჩატარების ხელშეწყობა. პორტალი “კვირა“ აქტიურად გააშუქებს C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციაში – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ ჩასართავად “კვირა“ სააგანეტო “პირwელმა“ გამოიწვია. თავის მხრივ, “კვირა“ გამოწვევას უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებს.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მისწერონ სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.
2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება, რაც, პირველ რიგში, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.