„სოფლებში არ დგას „ბუნკერები“ და მოსახლეობა ნაგვის ნარჩენებს მდინარეებში ყრის“

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების საკითხს, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე გამოეხმაურა.
ჩხობაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაწერილი სანქციები გამკაცრებულიყო და პრაქტიკაში ამოქმედებულიყო.
„მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაწერილი სანქციები გამკაცრებულიყო და პრაქტიკაში ამოქმედებულიყო, მაგრამ აქ ერთი პრობლემა იქმნება – ძალიან ბევრი დასახლებული პუნქტიდან ნარჩენების გამოტანა შეუძლებელია. არ არსებობს კონტეინერები. ამიტომ ეს სანქციები შეიძლება ჰაერში გამოკიდებული დარჩეს. სოფლებში ვერსად მიაქვთ ნაგავი. ხშირად, სადაც არ არის ბუნკერი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინარეში ყრიან. ეს ყოვლად დაუშვებელია, თუმცა კანონს აქვს დათქმა, რომ ასეთ ადგილებში ის მოგვიანებით ამოქმედდეს. მუნიციპალიტეტებს ეძლევათ ერთი წელი ვადა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში მოქალაქეები გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან. 2 კილოგრამამდე ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა 80 ლარს შეადგენს, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენების გადაყრის შემთვევაში ჯარიმის ოდენობა 120 ლარი იქნება, ხოლო საცხოვრებელი კორპუსიდან გარემოს დამაბინძურებელი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ სამართალდარღვევა წლის განმავლობაში 2-ჯერ განმეორდება, ჯარიმაც გაორმაგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები