„შარლი ებდოს“ ჟურნალისტი ტერაქტის დეტალებს იხსენებს – როგორ დაიწყო ყველაფერი

„შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შედეგად გადარჩენილი ჟურნალისტი სეგოლენ ვინსონი ტერაქტის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, ტერაქტის დღე, 7 იანვარი ჩვეულებრივი დღე იყო და „შარლი ებდოს“ ჟურნალისტებს განწყობის ასამაღლებლად საკმარისი მიზეზი ჰქონდათ. ახალი წლის დღეეებს რედაქციის დიზაინერის დაბადების დღეც ერთვოდა .
„რედაქციაში მოულოდნელად სროლის ხმა მოგვესმა, თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ეს საახალწლო „პეტარდები“ იყო. დაცვის თანამშრომელმა მოულოდნელად სიმშვიდისკენ მოგვიწოდა და ხელი იარაღს დაავლო. ოთახში ორი ნიღბიანი ადამიანი შემოვარდა. მართალია, მე მაგიდის ქვეშ შევძვერი და დავიმალე, მაგრამ კარგად გავიგე ნიღბიანი ტერორისტის ხმა: „ალაჰ აკბარ“ („დიდება ალაჰს“), – თქვა მან. შემდეგ კი ჩვენი კარიკატურისტის სტეფან შარბონის (შარბის) ადგილსამყოფელის მითითება მოითხოვა”,- აცხადებს „შარლი ებდოს“ გადარჩენილი თანამშრომელი.
ტერორისტმა მაგიდის ქვეშ შემძვრალი ჟურნალისტი მაშინვე შეამჩნია, თუმცა დაამშვიდა და უთხრა, რომ ის ქალი იყო და მას საფრთხე არ ემუქრებოდა.
„ნუ გეშინია, ჩვენ ქალებს არ ვხოცავთ, მაგრამ ის, რასაც თქვენი რედაქცია აკეთებს, არასწორია. დიახ, მე შენ არ მოგკლავ, მაგრამ იმ პირობით, თუ შენ ყურანს წაიკითხავ”.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საუბრიდან რამდენიმე წამში მან რედაქციის რამდენიმე თანამშრომელი დახოცა, თან ისე, რომ ერთხელაც არ აღელვებულა.
შეგახსენებთ, რომ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 14 დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 8 ადამიანი ჟურნალისტია, 2 პოლიციელი, 1 დამლაგებელი და ერთი მარკეტინგის მენეჯერი. პასუხიმგებლობა თავდასხმაზე ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ აიღო. ტერაქტის მიზეზად ისინი „შარლი ებდოს“ რედაქციის მიერ მუჰამედის ”უმსგავსო” კარიკატურების დაბეჭდვას ასახელებდნენ.
მას შემდეგ, რაც „შარლი ებდოს“ რედაქციას მსოფლიო საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა, რედაქციამ ტირაჟი გაზარდა და მუშაობა იგივე სტილში გააგრძელა. რედაქციის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
ჟურნალი „შარლი ებდოს” საფრანგეთში 7 ევროდ იყიდება. ტერორისტულ თავდასხმამდე მისი ტირაჟი 60 ათასი იყო. ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კი ტირაჟი 3 მილიონამდე გაიზარდა. ამ კვირაში გამოცემული ახალი ნომერი უკვე გაყიდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები