თბილისის მერი ხანძრის შედეგად გადამწვარი ე.წ. აზარიანცის სახლის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
ე.წ. აზარიანცის სახლში ხანძრის შედეგად დაზიანებულ სახელოვნებო სკოლაში არსებულ მდგომარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ადგილზე გაეცნენ.
როგორც “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანია სკოლის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს შეხვდა. თბილისის მერის განცხადებით, მერია სახელოვნებო სკოლისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს, რათა სასწავლო პროცესი უმოკლეს ვადაში განახლდეს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვრის ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სკოლის ინფრასტრუქტურა, დამწვარია ინსტრუმენტები, დაზიანდა ელექტროგაყვანილობა.
შექმნილი ვითარების გამო, სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
ცნობისათვის, რუსთაველის გამძირზე N 37- ში არსებული შენობა-ნაგებობა „სილქ როუდ“ ჯგუფის დაქვემდებარებაშია.
„ჩვენი ჯგუფის საკუთრებაში ამ შენობის 90%-მდე ფართია. ამ ფართის უდიდესი ნაწილი გამოვისყიდეთ საბაზრო ფასად კერძო მესაკუთრეებისგან. შემდგომში, 2008 წლის დასაწყისში, ფართების ნაწილი გადმოგვეცა სახელმწიფოსგან.
თუმცა, სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ ფართებს დღესაც იკავებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (2500-მდე კვ.მ.) და პანტომიმის თეატრი (1000-მდე კვ.მ.). როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ფართების ნაწილს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიც იკავებს“, – განაცხადა „სილქ როუდ“ ჯგუფის დირექტორმა გიორგი მარმა.