რომან გოცირიძე: „პოლიტიკური რეზერვაცია! ძველი პრეზიდენტის ახირებამ 350 მილიონი ლარი ქარს გაატანა.“

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩეველს რომან გოცირიძეს დღემდე ვერ გაურკვევია რატომ გადაიტანეს პარლამენტი ქუთაისში. რომან გოცირიძის აზრით, პარლამენტი ქუთაისში წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის გასანეიტრალებლად გადაიტანეს. გარდა ამისა, ეკონომიკის ექსპერტს მიაჩნია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა მიხეილ სააკაშვილის ახირება იყო და 350 მილიონი ლარი ქარს გაატანა. გოცირიძემ ან საკითხთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში გამოხატა.  ფეისბუქის სტატუსში ის წერს:
1969882_710804938942002_501892999_o„პოლიტიკური რეზერვაცია! დღემდე ვერ გავრკვეულვარ, მართლა ქუთაისის ასაღორძინებლად გადაიტანეს პარლამენტი, თუ პოლიტიკური ოპოზიციის გასანეიტრალებლად. ალბათ უფრო მეორეა სწორი! უნდოდათ სხვისთვის, მახეში გაებნენ თვითონ. ვერ გრძნობს უმცირესობა, რომ პოლიტიკურ რეზერვაციაში ამოჰყო თავი. ვერაფერი ნუგეშია, თუ უმრავლესობაც ამ დღეშია. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს იმის რესურსი, ნაკლები ზიანი განიცადოს. პარლამენტის მუშაობა დეზორგანიზებულია, ქუთაისის ეკონომიკაში კი მისი წვლილი დეპუტატების მიერ სახინკლეებში გახორციელებული ინვესტიციებითა და კერძო სექტორში ბინების გაქირავების ზრდით თუ გამოიხატება. ძველი პრეზიდენტის ახირებამ 350 მილიონი ლარი ქარს გაატანა. არც ახალი პრეზიდენტი აკლებს ხელს ბიუჯეტს. კვლავ ბოლო არ უჩანს ყოფილი პრეზიდენტისათვის განკუთვნილი (გადაპრემიერობისათვის ჩაფიქრებული) ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობას. თუ ქუთაიში გადატანას პოლიტეკონომიკური სარჩული ჰქონდა, ავლაბრის სასახლის ბოიკოტს სპირიტუალისტური მიზეზი აქვს – აურას უწუნებენ. ხალხის ფული კი არავის ადარდებს. ამ მიუდგომელ გორაკზე, ნახევრადგასამხედროებულ ობიექტში (ბარათაშვილის აღმართის მთელ სიგძეზე მიწისქვეშა გვირაბია გაყვანილი, რომელიც რეზიდენციას ტრასასთან აკავშირებს), თურმე ბათუმის უნივერსიტეტი უნდა განათავსონ (ან ბათუმის იმ კოშკში რა უნდოდა, ან აქ რა)! დროა, ათონელის სასახლე გაიყიდოს, პრეზიდენტი ავლაბარში გადაბრძანდეს, პარლამენტი თბილისში დაბრუნდეს და ცოტა მაინც იფიქრონ ვალებით ამოკერილ ბიუჯეტზე. ორიოდე დღის წინათ, დავით უსუფაშვილმა კარგი გამოსავალი შესთავაზა მეორე მხარეს: ჩიხში გაჭედილი პარლამენტიდან თბილისში გადმოსვლის სანაცვლოდ, პრეზიდენტი ავლაბრის ბორცვზე აბრძანდება. ლამაზი გამოსავალია, რაც უკანდახევისას ღირსების შენარჩუნების შანსს იძლევა!… ისე, სხვათა შორის, დეპუტატებს პარლამენტში მუშაობის დაწყების წინ კონსტიტუციასთან ერთად ხალხურ ანდაზების კრებულს თუ დაურიგებენ, არ იქნება ცუდი. არ დაავიწყდებათ, ჩათრევას რომ ჩაყოლა სჯობია… ამათ კი არა, დიდ რეიგანსაც კი დაავიწყდა ქართული ანდაზა და აბონ ციციაშვილს რომ არ შეეხსენებინა, კისერს მოიტეხდა!:))) „ – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები