შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა (ვიდეო)

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახმეტის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გიორგი ა, 1960 წელს დაბადებული გიორგი ტ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელენე ი. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ, ხანდაზმულ პენსიონერებს გაერო-ს წარმომადგენლების სახელით ეცნობოდნენ და რამდენიმეთვიანი საპენსიო სესხის აღების სანაცვლოდ, ფინანსურ დახმარებას და პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს პენსიონერები სესხის აღების მიზნით „ლიბერთი ბანკში“ მიჰყავდათ და დოკუმენტაციაზე ხელს აწერინებდნენ.
თანხებს, რომლებიც პენსიონერებს კრედიტის სახით უმტკიცდებოდათ, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დაკავებულებმა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 1575 ლარი, თელავში სოფელ კონდოლში მცხოვრები ქალბატონების ანგარიშებიდან – ჯამში 1500 ლარი, ხოლო გარდაბნის რაიონის მკვიდრი სამი მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან – 3000 ლარი მიითვისეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. და ელენე ი. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო გიორგი ტ. თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

https://www.youtube.com/watch?v=AYA2idCUMvM

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები