სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდება – ინვესტორი ხელისუფლებას მიმართავს

ვაკეში, ჭავჭავაძის 68 ნომერში მდებარე რესტორან ბუდაპეშტის ადგილზე, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდება. ამერიკელი ინვესტორი, რომელიც პროექტში 22 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს ხელისუფლებას მიმართავს და სამართალდამცავ ორგანოებს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.
მშენებლობას „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ განახორციელებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე განმარტავს, პროექტის განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეობა“ აბრკოლებს. ზაქაიძის განმარტებით, სასტუმროს მშენებლობა ხელს ადგილობრივ ეკოლოგიას არ შეუშლის, რადგან 4- სართულიანი შენობის აშენება 1958 წელს აშენებული რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილზე ხორციელდება.
„ისინი აგრესიული ფორმებით ცდილობენ მშენებლობის პროცესისთვის ხელის შეშლას. მშენებლობა კი არა ვაკის პარკში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. სასტუმრო „ბუდაპეშტი“ შენდება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის 68 ნომერში. აქ მოსახვედრად არსებობს გზა კუს ტბის მხარეს. ამერიკელი ინვესტორი, რომელიც აქ ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, თბილისის გარდა სხვა რეგიონშიც აპირებს პროექტების განხორციელებას. ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვას აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება, რადგანაც გრანტებზე მომუშავე ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აგრესიული მეთოდებით ცდილობენ პოზიციის დაფიქსირებას. ისვრიან ბოთლებს, ქვებს. მივმართავთ სახელმწიფო სტრუქტურებს ,მოვიდნენ და ნახონ, თუ რამეს ვარღვევთ, აქ არც ერთი ხე და ნარგავი არ დაზიანდება. მშენებლობა ადგილობრივ ეკოლოგიას საფრთხეს არ შეუქმნის“, – აცხადებს „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ფაქტზე რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს. კომპანია კი მშენებლობის დასრულებას მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები