წინასაახალწლოდ უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ხეები – გარემოს დაცვის სამინისტრო ზარალს ითვლის
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტები გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა, წინასაახალწლო პერიოდში სულ 376 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 20 ნაძვის ჯიშის ხეა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლო პერიოდში პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ახორციელებდნენ.
კორკოტაძის თქმით, ამ ეტაპზე გარემოსთვის მიყენებული ზიანი დგინდება.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, 2014 წლის მიწურულს – წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა.
„წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საქართველოს მასშტაბით, უწყვეტი პრევენციული ღონისძიებები განხორციელდა. უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის ხეების რეალიზება-სარგებლობის სულ 10 ფაქტი გამოვლინდა. უკანონოდ მოჭრილია 376 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, მათ შორის 20 ნაძვია. ყველა ფაქტზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა გადააჭარბებს 1000 ლარს, მასალები გადაიგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში“, – განუცხადა “კვირას“ ნელი კორკოტაძემ.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი განმარტავს, რომ ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტი.
“მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად წინასაახალწლო პერიოდში უკანონოდ მოჭრილი ხეების რაოდენობა მცირდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, კიდევ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ მწვავე ნარგავებს, საყურადღებოა, რომ ნაძვის, სოჭის ხეების წვეროების გადაჭრის შემთხვევაში მათი გახმობის ალბათობა ერთიორად იზრდება“, – აღნიშნავს კორკოტაძე.
ნაძვის მოჭრა კანონით დასჯადია და პირს, რომელიც ნაძვს უკანონოდ მოჭრის, ჯარიმა დაეკისრება. კერძოდ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუ ნაძვს დაცულ ტერიტორიებზე მოჭრით, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იქნება, ასევე კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.
გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღსანიშნავია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” თანაორგანიზებით, კამპანია სახელწოდებით: „ნუ მოჭრით ნაძვს” განხორციელდა. აქციაში, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციებს და კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, შეეძინათ უნიკალური ჯიშის ცოცხალი ნაძვის ხეები (ქოთნებში), რომელთა საქართველოში ჩამოტანა აქციის პარტნიორმა, პოლონურ-ქართულმა კომპანიამ – “აგრომაქს დეკორმა ” უზრუნველყო.