სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას და სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით – შსს-ს თანამშრომლებს ოფიციალურად აეკრძალებათ

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანებით, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე” შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, დამტკიცებულ წესდებას დაემატა შესაბამისი დანართი, რომლითაც შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №7 “საკანონმდებლო მაცნეში“ მიმდინარე წლის წლის 6 იანვარს გამოქვეყნდა.
შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა შემდეგნაირია:
ზოგადი ნორმები
1. სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);
2. შრომის შინაგანაწესის დარღვევა;
3. სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
4. სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
5. სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას;
6. სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით;
7. სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;
8. ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება;
9. არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვ.) დაგვიანება ან არგამოცხადება;
10. თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
11. სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;
12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);
13. სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება;
14. არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
15. შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა;
16. აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
17. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;
18. შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
19. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები