შს მინისტრის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციაში ქვემო ქართლის სამმართველო ჩაერთო
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
აქციის ფარგლებში, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები წალკაში, თეთრწყაროსა და დმანისში 30-მდე ოჯახს ესტუმრნენ. მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია, რომლის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მომავალშიც გაგრძელდება.