თავდაცვის სამინისტროს პირველი განმარტება და ბოდიში საზოგადოებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა უწყების მიერ გავრცელებულ ხმაურიან განცხადებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრის მოადგილემ გადაცემა „იმედის კვირაში“ საუბრისას განაცხადა, ეს იყო შეცდომა, რომელსაც სამინისტრო აღიარებს. ღირსიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეცდომისთვის სამინისტრო ბოდიშს იხდის. ჟურნალისტის კითხვაზე თუ კონკრეტულად ვისი შეცდომა იყო აღნიშნული შინაარსით განცხადების გავრცელება, მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა.
საუბრის დასაწყისში ღირსიაშვილმა გარდაცვლილი ქართველის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო მზად არის ყველანაირი სახის დახმარება გაუწიოს დაღუპულის ოჯახს.
„მინდა დავაფიქსირო ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია, რომ ამ განცხადებაზე საზოგადოების რეაქციამ აჩვენა თუ რამდენად მაღალია მოთხოვნა ქართული საზოგადოების მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, ჩვენი მხრიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. რაც შეეხება თავად განცხადებას, პირდაპირ ვაღიარებ, რომ ეს იყო შეცდომა, თუმცა აქვე ვაცხადებ, რომ შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული.
მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეცდომა დაშვებული იყო გარკვეული ემოციური ფონის გავლენით.
აქვე მოგახსენებთ, რომ ამ განცხადების შედგენის დროს გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2008 წელს ყოფილი ხელისუფლების დროს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მაოდგილემ.