პრემიერ-მინისტრის პირველი კომენტარი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: შეცდომას სჭირდება აღიარება (ვიდეო)

   მეც არ მომეწონა თავდაცვის სამინისტროს განცხადება,შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიში, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებულ განცხადებას. პრემიერის თქმით, მომხდარით თავად თავდაცვის მინისტრიც შეწუხებულია. პრემიერი მიიჩნევს, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გაკეთდეს სამინისტროს მხრიდან.
ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მეც არ მომეწონა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე თავად ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა, პირველ რიგში, მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს და მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება განცხადებას, მე მას არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ, შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეული. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KaSdrEtF3sY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები