„ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი“
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. წიკლაურის განცხადებით გრიგოლაშვილი გმირია, რომელიც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
“თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თუ მოაწერდა ხელს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ის იყო მოხალისე და ის უკრაინაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ალექსანდრე გრიგოლაშვილი არის საქართველოს გმირი და ივანიშვილის ხელისუფლების უტიფარი მცდელობა, მისი თავდადება წარმოაჩინონ ანგარებად ან ის წარმოაჩინონ პროვოკაციის მსხვერპლად, არის ქართული ჯარის და მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა”, – აღნიშნა წიკლაურმა.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.