„სიკეთე უსასრულოა“ – „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია“ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შუერთდა (ფოტოკოლაჟი)
„საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ აქციას შეურთდა. აქციის პირველი ეტაპი 3 დეკემბერს დაიწყო და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა ნახატების გამოფენით 20 დეკემბერს დასრულდა.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სამი აქტივობიდან ერთ-ერთი ნახატების გამოფენა იყო: აქციაში ჩართულ თბილისის და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სლოგანით „სიკეთე უსასრულოა“ ნახატები დახატეს.
სლოგანი ბერი ანდრიას სახელობის ფონდის წევრს მამა ნაზარის ეკუთვნის. გამოფენაზე ნახატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 190-მდე სკოლამ წარადგინა. ჟიურის არჩევანის გაკეთება შვიდასზე მეტ ნახატს შორის მოუხდა.
მოსწავლეთა სასახლეში ორასამდე ნამუშევარი გამოიფინა. ჟიურიმ მათ შორის 20 განსაკუთრებული ნახატი გამოარჩია, რომელთა შორისაც 10 საუკეთესო გამოვლინდა.
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ. რეგიონში მცხოვრებ იმ გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებიც გამოფენას ვერ დაესწრნენ, საჩუქარსა და სიგელს ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გადასცემენ.
სიგელით ყველა მონაწილე დაჯილდოვდა. ასევე დასაჩუქრდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს სკოლის დირექტორი ნანა ქავთარაძე, რომელიც გამოფენას ესწრებოდა.
ნამუშევრები შეარჩია ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი და ასევე გამგეობის სხვა წევრები. ნახატების შერჩევაში მონაწილეობა ასევე მიიღეს „ბერი ანდრიას ფონდმა“ და მათი სახლის ბინადრებმა.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გია ბეგიაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაქცია სათანადო და მყისიერი იყოს.
„არ არის საჭირო იმის ახსნა, რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივ აზრს ნებისმიერ ადამიანზე, თუ ადამიანთა ჯგუფზე. საზოგადოებისთვის ისეთივე მნიშვნელობის უნდა იყოს ოჯახში განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირება, როგორც ოჯახს გარეთ ჩადენილ დანაშაულზე“, – აღნიშნა გია ბეგიაშვილმა.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრის კახა ნიკოლაძის განცხადებით კი, ძალადობის თვითმხილველმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაფაროს დანაშაული და ფაქტის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობოს. მისი თქმით, მოძალადე თუ დარწმუნდება, რომ მსხვერპლს აუცილებლად გამოუჩნდება დამცველი საზოგადოებისა და შესაბამისად სახელმწიფოს სახით, დიდი ალბათობით მას ძალადობის სურვილი გაუქრება.
„არ უნდა შეგვეშინდეს, ან მოგვერიდოს ხმის ამოღების, როდესაც ბავშვს დაჩაგრულს და ნაცემს ვნახავთ. ყველა მსხვერპლს და განსაკუთრებით მოზარდს ჩამოუყალიბდება თავისი შესაძლებლობების დაბალი თვითშეფასება, რაც ფაქტობრივად კიდევ ერთი დაკარგული კარგი მოქალაქეა. ამ მდგომარეობიდან მოზარდის გამოყვანა არ არის მარტივი საქმე. სამწუხაროდ, თუ მძიმე შედეგი არ დადგა, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სახელმწიფო არ ჩართოს საქმეში. თუ სახელმწიფოს ჩართვისაგან თავი შევიკავეთ, პრობლემა თავისით არ გვარდება, მოგეხსენებათ მოძალადე თავის ნებით მხოლოდ აგრძელებს ძალადობას. მოძალადე თუ დარწმუნდება, რომ მსხვერპლს აუცილებლად გამოუჩნდება დამცველი საზოგადოებისა და შესაბამისად სახელმწიფოს სახით, ხშირ შემთხვევაში მას ძალადობის სურვილი გაუქრება. შეუძლებელია სოციალურ მუშაკს, სკოლის დირექტორს, ან უბნის ისპექტორს ყოველდღიური ინფორმაცია ჰქონდეს მოზარდზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, ამის შესახებ ყველაზე მეტი იცის იმან, ვინც მოზარდთან ყოველდღიურად ურთიერთობს. საჭიროა სკოლის ყველა თანამშრომელი იყოს ყურადღებით. თუ მოზარდი ხშირად მოწყენილია, შეიძლება მხოლოდ გაკვეთილის არცოდნასთან არ იყოს დაკავშირებული და საქმე უფრო მძიმე პრობლემასთან გვქონდეს, რომლის გამოსწორება დღეს უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი, ვიდრე წლების შემდეგ. დასასრულს, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ფედერაციასთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობის სახელით კიდევ ერთხელ ვიტყვით: სიკეთე უსასრულოა, არა ძალადობას“, – განაცხადა კახა ნიკოლაძემ.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ფედერაციასთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს და სასახლის დირექტორს ქეთევან ფეიქრიშვილს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის მადლობას უხდის.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა“.
ფედერაცია „კვირას“ მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის.