გიორგი ბარამიძე ალეკო გრიგოლაშვილთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

  საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში დაღუპული ქართველი მებრძოლის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს. როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, მას გული ცუდს უწინასწარმეტყველებდა და მოახლოებულ ტრაგედიასაც გრძნობდა. თუმცა, მას გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ლუგანსკის ოლქში მაინც ჩავიდა. პარლამენტარი გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ უსამძიმრებს და მწუხარებას გამოხატავს.
„უკრაინის ლუგანსკის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპნენ, უკრაინის (საქართველოს, მოლდოვას და მთელი აღმოსავლეთ ევროპის) თავისუფლებისთვის მეომარი, საქართველოსა და უკრაინის ღირსეული შვილები – ალეკო გრიგოლაშვილი და სერგეი ოვრაშენკო. მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვხატო და გულით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს საქართველოსა და უკრაინას.
ისე მოხდა, რომ 4 დღის წინ, ფრონტის წინა ხაზზე გასვლას რომ ვგეგმავდით, გული ცუდს მიგრძნობდა (ასეთი გრძნობა იშვიათად მქონია, მეგონა, ნაღდად რაღაც მომივიდოდა), მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია.
ადგილზე რომ მივედით, ლუგანსკის ქალაქ სჩასტიეში, ბატალიონ აიდარის დიდი ნაწილი ბაზის ტერიტორიაზე მოწყობილი დაგვხვდა და ურთიერთმისალმების ამაღელვებელი ცერემონიის შემდეგ გადავწყვიტე, მებრძოლებისთვის (ვისაც მოვახერხებდი) პირადად ჩამომერთვა ხელი და მადლობა მეთქვა მათი თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულისათვის. სიტყვით მიმართვაში კი უკვე ნათქვამი მქონდა, რომ ეს ფრონტის ხაზი მარტო უკრაინელებისთვის არაა წინა ხაზი, იგი განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპელი ერებისთვისაც არის გადამწყვეტი ბრძოლის ასპარეზი, საერთო მტრის, პუტინის იმპერიული რუსეთის დასამარცხებლად.
ბევრ მებრძოლს ჩამოვართვი ხელი, უკრაინულად ვესალმებოდი და გამარჯვებას ვუსურვებდი, უცებ ერთმა ვაჟკაცმა ხელი გამომიწოდა და ქართულად მომესალმა. ვიცოდი, რომ იმ ბატალიონშიც იყვნენ ქართველები, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გამიკვირდა და ქართულადვე მადლობა ვუთხარი და გამარჯვება ვუსურვე. მოგვიანებით, როცა მწყობრი დაიშალა, ალეკო მოვიდა და ერთმანეთი გავიცანით. მასზე იქვე, მისმა თანამებრძოლებმა ბევრი საქებარი სიტყვა მითხრეს. კიდევ ერთხელ ვიამაყე, რომ ქართველი ვარ და რომ ასეთი ვაჟკაცების გვერდით ყოფნა შემიძლია. ამის შემდეგ სხვადასხვა პოზიციაზე გავედით, მოვინახულეთ წინა ხაზზე არსებული მდგომარეობა, ბლინდაჟები, სანგრები და სხვა გამაგრებები, ვესაუბრეთ ჯარისკაცებს, მტრის მხრიდან პატარა ინციდენტები იყო, არაფერი – აღსანიშნავი.
საღამოს ბატალიონის მეთაურმა, რადას ახლად არჩეულმა დეპუტატმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მელნიჩუკმა მის შტაბში ვახშამზე მიგვიპატიჟა, სადაც სხვებთან ერთად ერთი ნაღდი მებრძოლიც იყო, რომელმაც ბოლოს “ქართული ლეგიონის” სამკლაური ემბლემა გადმომცა და მითხრა, შემეძლო მათ თანამებრძოლად ჩამეთვალა თავი. ჩემთვის ეს დიდი პატივი და სიხარულის მომგვრელი იყო. ეს ოფიცერი გახლდათ, როგორც მოგვიანებით მითხრეს, სერგეი ოვრაშკო, საძახილი “დინამიტი” (იქ, ძირითადად, საძახილებს აქვს მნიშვნელობა), მაგარი კაცი და გამოცდილი მებრძოლი.
რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცუდი წინათგრძნობის ამბავი, ჩვენი იქიდან წამოსვლის მეორე ღამით, მაინცდამაინც ამ ორი ვაჟკაცების დაღუპვის უბედურებით ამიხდებოდა.
ძალიან მიმძიმს და არ ვიცი, ეს ტკივილი როგორ გამოვხატო, ალბათ, ბევრი ლაპარაკი არც ღირს. ჩემი აზრით, მათი და უამრავი სხვა ჩვენი ბრძოლაში დაღუპული თანამემამულისთვის შესაბამისი პატივის მისაგებად ყველაზე ადეკვატური იქნება, გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რასაც მათ თავი შესწირეს, ჩვენი სამშობლოების -საქართველოსა და უკრაინის, თავისუფლებისთვის ბრძოლა და იგი გამარჯვებამდე მივიყვანოთ!“ – წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები