ალექსანდრე ელისაშვილი: „სი-თი პარკს“ „სასათბურე პირობები“ უნდა მოუხსნან

 

    თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „სი-თი პარკის” პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს და წლის დასასრულამდე უნდა გავიგოთ, თუ რა ხდება „სი-თი პარკთან” დაკავშირებით, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი მზად არის საკუთარი მოსაზრებები თბილისის მერს – დავით ნარმანიას შესთავაზოს.
„თბილისის მერიაში 22 აგვისტოს შეკრება იყო და მაშინ თბილისის მერმა დავით ნარმანაიამ კომპანია „სი-თი პარკს” პრობლემების აღმოსაფხვრელად ვადა ნოემბრის ბოლომდე მისცა. ახლა უკვე დეკემბრის შუა რიცხვებია. ძალიან დიდი დრო გავიდა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას „სი-თი პარკთან” დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. გადაწყვეტილება კი არ ჩანს. აქ ორი ვარიანტია: ან მერია და „სი-თი პარკი“ კულუარებში რაღაცაზე გარიგდნენ, ან თბილისის მერიას ღონე არ ჰყოფნის, ამ მძარცველ კომპანიას მოერიოს. ჩემთვის და თბილისის მაცხოვრებლებისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ხმას შეგნებულად არ ვიღებდი, რომ რაიმე პროცესისთვის ხელი არ შემეშალა, თუმცა მეტისმეტად დიდი დრო გავიდა და ახლა ხმამაღლა ვამბობ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „სი-თი პარკის” პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს და წლის დასასრულამდე უნდა გავიგოთ, თუ რა ხდება „სი-თი პარკთან” დაკავშირებით. მე მზად ვარ, რომ დავით ნარმანიას საკუთარი მოსაზრებები შევთავაზო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, „არაფრის მაქნისი კომპანია ქალაქში თარეშობს“, პარკინგის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება და „მხოლოდ მძღოლებს ძარცვავს“.
„ამ კომპანიასთან, ქალაქში პარკინგთან და მოძრაობასთან დაკავშირებით მეტის მოთმენა შეუძლებელია. ეს არის ჩემი მოთხოვნა და მოწოდება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, 100 ათასობით მძღოლი უმაგრებს ზურგს. „სი-თი პარკი” ქალაქიდან არის გასაშვები, თუ მას ნარმანია ვერ ერევა, გულახდილად თქვას და ქალაქი მხარში დაუდგება, ხოლო თუ გარიგებაა, ამას გავიგებთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, „სი-თი პარკის” დედაქალაქიდან უცბად გაშვება ძნელია, რადგან სახელმწიფოს ჯარიმები დაეკისრება, თუმცა ამ კომპანიას „სასათბურე პირობები“ უნდა მოუხსნან და მერია მასთან მიმართებაში საქმიანი ურთიერთობების ეტაპზე უნდა გადავიდეს. ელისაშვილის განმარტებით, დედაქალაქში საცობების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს და მათ შორის არის პარკინგიც, რომლის მოსაწესრიგებლად კომპანია არაფერს აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები