თსუ-ს რექტორი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტისადმი რვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლის რექტორის მიმართვას თსუ-ს რექტორი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას დღევანდელ განცხადებაშია აღნიშნული, თსუ იყო ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია გამოხატა. რექტორი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმტკიცებისთვის აუცილებელია, შეიცვალოს სასწავლებლების სამართლებრივი ფორმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან დაუბრუნდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსს.
“კვირა“ რექტორის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია გამოხატა. ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებისა და კანცლერების შეხვედრა. ჩვენ შეხვედრაზე არგუმენტირებული მოსაზრებები და წინადადებები დავაფიქსირეთ. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ყველა შენიშვნას და წინადადებას გაითვალისწინებდნენ. შეგვპირდნენ, რომ უნივერსიტეტების შემოსავლებისა და ხარჯების სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადატანით, უნივერსიტეტების ავტონომიურობა არ იზღუდებოდა. ამ შეხვედრაზე ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მიესალმა კიდეც ცვლილებების პროექტს. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს პირობის შემდეგ, ჩვენთვის ცოტა გასაკვირია მიმართვა პარლამენტისადმი. ამის მიუხედავად, ჩვენთვის რომ შემოეთავაზებინათ, უნივერსიტეტების სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ მიმართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც მოაწერდა ხელს”, – აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
ამასთან, პაპავა ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმტკიცებისთვის აუცილებელია შეიცვალოს მათი სამართლებრივი ფორმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან დაუბრუნდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები