ნინო ქადაგიძე: გიორგი მარგველაშვილისთვის ზურაბ ჟვანია არ არის სპეკულირების საგანი

გიორგი მარგველაშვილისთვის ზურაბ ჟვანია არ არის სპეკულირების საგანი და ყოფილი პრემიერის წარმოჩენას ყოველთვის პოზიტიური მხრიდან ცდილობს – ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟანიას მეუღლემ – ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. “არ წყდება ლაპარაკი ზურას გარდაცვალებაზე, სინამდვილეში კი, გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც ზურა აკეთებდა, როგორც პოლიტიკოსი, როგორც საზოგადო მოღვაწე. მე ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს გაუთავებელი ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მეხსიერებაში არის ის, რასაც ზურა აკეთებდა. ალბათ, ძალიან ბევრს მოგვცემს იმის გააზრება, თუ რას აკეთებდა ზურა, როგორც პოლიტიკოსი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეს ახალგაზრდებისთვის, ვისაც ზურა არ უნახავს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს იმისთვის, რომ, როგორც ყოველთვის, ზურას დაბადების დღეზე ჩვენს გვერდით არის და სწორედ პოზიტიური მხრიდან ცდილობს მის წარმოჩენას. ზურა მისთვის არასდროს არ არის სპეკულირების საგანი, არამედ ის ყოველთვის ცდილობს მისი ფასი შეაფასოს და წარმოაჩინოს”,- განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამრჯვების ორდენი მიანიჭა. დღეს ყოფილი პრემიერის დაბადების დღეა, ზურაბ ჟვანია 51 წლის გახდებოდა. საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტი დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები