სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია

თბილისში, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიონის ტაძართან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების მიმდინარეობაა.
“კრწანისის რაიონში, სიონის ტაძრის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე მწყობრიდან გამოვიდა წყლის ძველი მილი. ადგილზე იმყოფებიან მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, კრწანისის რაიონის გამგეობისა და „Georgian Water and Power“-ის წარმომადგენლები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რის გამოც ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გამორთულია ელექტროენერგიაც. სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და მოძრაობა საავტომობილო გზაზე. აღნიშნული ფაქტის გამო, დღის განმავლობაში სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება მიმდებარე დასახლებებს: მტკვრის მარჯვენა სანაპირო გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე, კრწანისის რაიონში: გორგასლის 89-დან 115 ნომრამდე, გულიას, 1, 2, 3 ხეივნის, დიდი ხეივნის, საქანელას, მტკვრის, ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩებს, იუსტიციის სახლს, ასევე ისნის რაიონში: ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, დოდაშვილის ქუჩებს და „ორთაჭალის ტურფას“. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები