გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „არა ძალადობას!“ ფარგლებში, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. ოჯახში ძალადობის სხვა საკითხებთან ერთად, მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლიდან შესული ცვლილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე არიან გადამზადებული. ისინი, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობას ურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომლებიც შსს-ს მიერ სპეციალურად დამზადდა. ბუკლეტში მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“, ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები