„ძალიან მეეჭვება, რომ სააკაშვილის განცხადებას ქართველი ოფიცრების დაინტერესება მოჰყვეს“

  მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი “კვირასთან“ აფასებს.
ალადაშვილი გამორიცხავს, რომ მსგავსი შეთავაზების საფუძველზე ქართველმა ოფიცრებმა საქართველოს ძალოვანი უწყებები მასობრივად დატოვონ და უკრაინის არმიაში გააგრძელონ საქმიანობა. მისივე თქმით, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, ქართველ ოფიცერებს, რომელთაც კონტრაქტი დადეს, ამ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრებათ.
სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ აღნიშნული წინადადებით, სავარაუდოდ, ის ქართველი ოფიცრები დაინტერესდებიან, რომლებიც თავის დროზე დონბასში წავიდნენ და უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.
“ძალიან მეეჭვება, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ოფიცრები ამ შეთავაზებაზე წავიდნენ. სავარაუდოდ, უკრაინის არმიაში სამსახურს ის ქართველი ოფიცრები დათანხმდებიან, რომლებიც ეს პერიოდია უკრაინის მხარეს იბრძვიან და იქ წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, მიიღეს. თუმცა საკითხი თავისთავად სიფრთხილეს მოითხოვს“, -აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
“უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა, წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები