ენერგეტიკის სამინისტრო სტუდენტების მიერ შემუშავებულ პროექტებს დააფინანსებს
ენერგეტიკის სამინისტრო სტუდენტების მიერ შემუშავებულ ენერგეტიკულ პროექტებს დააფინანსებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო “რედისონში” სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მინისტრის თქმით, სტუდენტურ პროექტებს სპეციალური ბორდი მიიღებს და განიხილავს.
“მინდა, სტუდენტებს გავაცნო ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობა, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო, რას ვაკეთებთ. ძალიან მინდა მათი ჩართულობა ენერგეტიკის მიმართულებით. მაქვს ძალიან საინტერესო იდეა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გაუხარდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვქმნით ფონდს, რომელიც დააფინანსებს მათ მიერ წარმოდგენილ პროექტებს. იქმნება სპეციალური ბორდი, რომელიც მიიღებს და განიხილავს ამ პროექტებს. ჩვენ დავაფინანსებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენთვის, ენერგეტიკის განვითარებისთვის საინტერესო იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.