21 წლიანი ლოდინის შემდეგ ზალდასტანიშვილების ცხედრები სახლში მიასვენეს
21 წლიანი ლოდინის შემდეგ, ბელა ზალდასტანიშვილის ოჯახის ოთხი წევრი, რომლებიც ბაბუშერას აეროპორტში თვითმფინავის აფეთქების შედეგად გარდაიცვალნენ, თბილისში სახლში მიასვენეს.
როგორც ბელა ზალდასტანიშვილი აცხადებს, იგი ოთხი მიცვალებულის ამოცნობის პროცესს ექვსი თვე ელოდა. მისი თქმით, მისი შვილები 23 წლის ზურა და 25 წლის თემურ ზალდასტანიშვილები, 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავის აფეთქების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამავე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, ბელა ზალდასტანიშვილის ძმები – ვასიკო და ნუკრი წიკლაურები.
„გუშინ გავიგე, რომ ოთხივე ამოიცნეს. ეს ოთხივე ჩემები არიან. ესენი არიან ჩემი ორი ტყუპი ძმა – 30 წლის ვასილ და ნუკრი წიკლაურები. ისინი ჩემი გაზრდილები არიან, იმიტომ, რომ მათზე 16 წლით დიდი ვიყავი. ასევე ჩემი ორი შვილი – თემური და ზურიკო ზალდასტანიშვილები“, – ამბობს ბელა ზალდასტანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ისინი იყვნენ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმში სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს.
ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.