სოფელ ციხესულორში დამშრობ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში დამშრობ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მუღუნას დამშრობი მაგისტრალური და შემკრები არხების (საერთო სიგრძით 13 კმ) აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება.
არხზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრი დავით ლორთქიფანიძე გაეცნენ.
მუღუნას მაგისტრალური არხი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. აღნიშნულის გამო, სოფელ ციხესულორის მოსახლეობა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს დაგვიანებით იწყებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული დამშრობი სისტემა 405 ჰა მიწის ფართობს მოემსახურება და სარგებელს 5000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი მიიღებს.
,,დღეისათვის, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია იმერეთის რეგიონში 5 ობიექტის, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 35 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მომდევნო წლისთვის კი 20 ობიექტი დაემატება. მომავალში საირიგაციო ფართობების 200 000 ჰა-მდე, ხოლო სადრენაჟე ფართობების 100 000 ჰა-მდე გაზრდა იგეგმება”, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა.