ბელგიის ყოფილი დედოფალი გარდაიცვალა
86 წლის ასაკში ბელგიის ყოფილი დედოფალი ფაბიოლა გარდაიცვალა, – ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც მეფე ფილიპის სასახლის წარმომადგენლობამ გაავრცელა, იტყობინება სააგენტო „Agence France-Presse“.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაბიოლა ბრიუსელში, სტიუივენგერგის სასახლეში გარდაიცვალა. ფაბიოლა ბელგიის მეფის ბოდუენ I-ის მეუღლე იყო, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა. წყვილს მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომაც მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა ალბერტი ავიდა. 2013 წელს მეფე ალბერტმა ტახტზე უფროსი ვაჟის ფილიპის სასარგებლოდ თქვა უარი. დონია ფაბიოლა ფერნანდა მარია დე ლას ვიკტორიას ანტონია ადელაიდა ესპანეთის სამეფო დინასტიის მონათესავე დიდგვაროვანთა ოჯახის მეექვსე შვილი იყო. ფაბიოლამ და ბოდუენმა ერთმანეთი 1955 წელს გაიცნეს, 1960 წელს კი იქორწინეს. რამდენიმე ფეხმძიმობის მიუხედავად, ფაბიოლამ ვერ შეძლო შვილის გაჩენა. ბელგიის კონსტიტუციის თანახმად, დედოფალს არანაირი სახელმწიფო მოვალეობები არ გააჩნია, ამიტომაც ფაბიოლა თავს მთლიანად ქველმოქმედებით საქმიანობას უძღვნიდა.