დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დევნილთა და განსახლების სამინისტრო ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰოლბრუკის ქუჩა დევნილებს არ გადაუკეტავთ.
“დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევნილებმა ისნის რაიონში ჰოლბრუკის ქუჩა იმ მოტივით გადაკეტეს, თითქოს მათ ძალდატანებით ასახლებენ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან.
დევნილთა და განსახლების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს. აღნიშნულ შენობაში 130 ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც მხოლოდ 60-ია დევნილი, ხოლო დანარჩენები სოციალურად დაუცველები არიან. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეულ დევნილს წერილობით აქვს დადასტურებული ფართის ნებაყოფლობითი დაცლა. დევნილთა და განსახლების სამინისტრო საკუთარი ხარჯებით მათ დროებით ქირით უზრუნველყოფს, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ობიექტის სრული რეაბილიტაცია. სამინისტროში მომზადებულია აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მოცულობა 4,2 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ობიექტზე დევნილებს 160 ბინა გადაეცემა. დასასრულ აღვნიშნავთ, რომ ქუჩის გადაკეტვის აქციაში ამ ობიექტზე მცხოვრები დევნილები არ მონაწილეობდნენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.