საქართველო რუსული ავიაკომპანიების ფრენას შეზღუდავს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 8 დეკემბრიდან თბილისისკენ მომავალი რუსული ავიაკომპანიების რეგულარული რეისების რაოდენობას შეამცირებს. შესაბამისი მოთხოვნით სააგენტოს Georgian Airways-მა მიმართა, – წერს „კომერსანტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვსა და თბილისს შორის ავიაკომპანიების „აეროფლოტისა“ და „სიბირის“ რეისების რაოდენობა კვირაში 14-დან 10-მდე შემცირდება. ამასთან, „ტრანსაეროს“ და „გლობუსს“ („სიბირის“ შვილობილი კომპანია) რეგულარული ფრენებისთვის მუდმივი ლიცენზიის მისაღებად უარი ეთქვა.
წინა კვირას Georgian Airways-მა „აეროფლოტი“ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენებზე ბილეთების ფასების ხელოვნურად შემცირებაში დაადანაშაულა. ამის შედეგად ქართული კომპანიის რეისების ჩატვირთვა 60-70 პროცენტით შემცირდა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით ფრენების შეწყვეტით იმუქრებოდა.
„კომერსანტი“ წერს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ყველანაირი კავშირები გამოიყენეს – დეპუტატებს შორის და საპატრიარქოშიც კი“. „აეროფლოტში“ შემცირებული რეისების შესახებ საქართველოდან შეტყობინების მიღება დაადასტურეს, „სიბირმა“ და „როსავიაციამ“ კი ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან უარი განაცხადეს. თუმცა ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
„ტრანსაეროში“ კი, რომელმაც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რეისზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, განაცხადეს, რომ კომპანიის პოზიცია უცვლელია და მგზავრები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები, ფინანსურად არ დაზარალდებიან. „კომერსანტის“ ინფორმაციით, უკვე გაყიდული ბილეთებით საქართველო ამ კომპანიას ჩარტერული რეისების განხორციელების უფლებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები