თინა ხიდაშელი: გიგის თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ რა სირცხვილია…

გიგის თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ რა სირცხვილია, ეს ქალბატონი რომ აძლევს დღეს სასამართლოს ჩვენებას მის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გიგი უგულავას წინააღმდეგ “თბილსერვის ჯგუფის“ ფიქტიური თანამშრომლის ნინო თევდორაძის მიერ ჩვენების მიცემის ფაქტს.
“ძალიან სირცხვილია და ასეთ ხალხს რომ ეყრდნობოდით, იმიტომ ხართ იქ, სადაც ხართ, Nika Bachilava, და მათ იმედად მყოფები მომავალშიც მსგავს დღეში იქნებით. ავალებდა, ივალებდა, ნებაყოფლობით აკეთებდა, თავს აწონებდა და იმიტომ აკეთებდა, ან სულაც არ აკეთებდა და დღეს ასეა საჭირო და ამიტომ ამბობს, და კიდევ ბევრი სხვა ვერსია…. როგორც საჭიროა იმ მომენტში, ისე ილაპარაკებს, სინდისი შეაწუხებს, თანამდებობა და წარსული ვახ დრონი, დრონი…
ცხარე ცრემლით ტირილის სმაილიკი“, – წერს ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე.
გიგი უგულავას პროცესზე ბრალდების მოწმემ ნინო თევდორაძემ დაადასტურა, რომ იგი “თბილსერვის ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ფიქტიურად იყო გაფორმებული. თევდორაძის თქმით, ის უშუალო პარტიულ დავალებებს იღებდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრობას უარყოფს.
ბრალდების მხარის მოწმის ჩვენების მიხედვით, გაფორმებისთანავე განუმარტეს, რომ არც მას და არც სხვა ადამიანებს კონკრეტული სამუშაო შესასრულებელი არ ექნებოდათ. ისინი ანაზღაურებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიიღებდნენ. როგორც თავად თევდორაძემ განაცხადა, მან ამისთვის 7 ათას 200 ლარი აიღო, თუმცა ეს თანხა ბიუჯეტში არ დაუბრუნებია.
უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოწმემ სხვის მონაყოლზე დაყრდნობით არასწორი ჩვენება მისცა. ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ნინო თევდორაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა, ირაკლი შიხიაშვილთან არის დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები